თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში Microsoft-ის გლობალურ გათიშვას შეფერხება არ გამოუწვევია

თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში Microsoft-ის გლობალურ გათიშვას შეფერხება არ გამოუწვევია, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” აღნიშნულ აეროპორტებშიგანუცხადეს.
როგორც ქუთაისის აეროპორტში აღნიშნავენ, ისინი ადგილობრივ პროგრამაზე გადაერთნენ და შესაბამისად, ავიარეისები შეფერხების გარეშე ხორციელდება.
“არც ბარგი დაკარგულა, არც ავიარეისი გადადებულა, არც სხვა რაიმე ხარვეზი, ან შეფერხება არ გამოუწვევია ამ პროგრამის გათიშვას”, – აღნიშნავენ ქუთაისის აეროპორტში.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, ყველა რეისი უპრობლემოდ ხორციელდება.
ცნობისთვის, მსოფლიო ტექნიკური ქაოსის გამო, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელევიზიო საინფორმაციო არხი, Sky News გაითიშა. ეთერში დაბრუნების შემდეგ წამყვანებმა ახალი ამბების ტექსტი ქაღალდის ფურცლიდან წაიკითხეს, სტუდიას არც ინფოგრაფიკა ჰქონდა, არც ტიტრები, არც მორბენალი სტრიქონი.
Bloomberg-ის ჟურნალისტმა, რომელიც ლონდონის სტანსტედის აეროპორტში იმყოფება, წერს რომ გადახდის სისტემამ შეწყვიტა მუშაობა. ამის გარდა, იაპონიაში მაკდონალდსის რესტორნების დაახლოებით მესამედმა შეწყვიტა მუშაობა და კომპიუტერები, რომელზედაც CrowdStrike პროგრამაა დაყენებული, არ მუშაობს.
წყარო: Bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ