მაღალმთიან რეგიონებში ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით გაიზარდა

2014-2021 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია ვკითხულობთ.
დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის 1 000 კაცზე გათვლით ყველაზე მეტი მოქმედი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია ყაზბეგის, ადიგენის, ამბროლაურის, ბორჯომის, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები – ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, თეთრიწყაროს და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
„აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი სუბიექტი 2022 წელს დარეგისტრირდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები – ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. 2014 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლებების მუნიციპალიტეტებში მეტი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, ვიდრე არამაღალმთიან დასახლებებში.
2014-2021 წლების შუალედში, არამაღალმთიან დასახლებებში დარეგისტრირებულ და მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა გაიზარდა 36%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში იგივე მაჩვენებელმა 73.8% შეადგინა.
მაღალმთიან დასახლებებში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 117.3%-ით, ხოლო არამაღალმთიან დასახლებებში 203%-ით.
საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 2014 წლიდან 2021 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა ბიზნეს სექტორის ბრუნვა. ჯამში ეს მაჩვენებელი 1 505.5 მლნ ლარიდან გაიზარდა 3 271.9 მლნ ლარამდე.
დოკუმენტის მიხედვით, 2014-2021 წლებში საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ზოგადი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა პროდუქციის გამოშვება. პროდუქციის გამოშვება ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში და ეს მაჩვენებელი 2014-2021 წლებში თითქმის ყველა რეგიონში გაზრდილია, შემცირებულია მხოლოდ აჭარაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან“ – რომან კაკულია