სოლოლაკში Crown Plaza შენდება – სასამართლოს მიერ შეჩერებული მშენებლობა განახლდა

თბილისში, სოლოლაკში სასტუმრო Crown Plaza-ს შეჩერებული მშენებლობის გაგრძელების ნებართვა და შეცვლილ პროექტზე თანხმობა შპს „ოლდ სითი გრუპმა“ მერიისგან რამდენიმე თვის წინ მიიღო.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 1 597 კვ.მ.-ის ფართობზე აშენდება 7 სართულიანი (საიდანაც 2 მიწისქვედა სართულია, ხოლო 5 მიწისზედა სართული), 75 ნომრიანი სასტუმრო „მცირე ხნით დამკავებლებისათვის“.
საპროექტო გადაწყვეტით ნავარაუდევია მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება და მასთან არსებული მცირე სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია-მოწესრიგება. ასევე, „სასტუმროს დამსვენებლებისთვის განკუთვნილი დაუბრკოლებელი სატრანსპორტო მისადგომობის ორგანიზება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა“. გარდა ამისა, პროექტში საუბარია ძველ მარანზე და თაღოვან სარდაფზე, რომლის აღდგენა/რეკონსტრუქციაც იგეგმება.
„აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული სადემონტაჟო შენობის ნაწილში აღმოჩნდა განთავსებული ძველი მარანი. მისი აგურის პერანგით, შემოსილი ყორე ქვის წყობით ნაშენი კედლების კონსტრუქციული მდგრადობა ფრიად სავალალო მდგომარეობაში იყო.
ჩვენს მიერ წარმოდგენილ კორექტირების პროექტში, საწყის სტადიაზევე ჩატარებულ ძველი შენობის აზომვით და შენარჩუნების (აღდგენა რესტავრაციის) პროექტებზე დაყრდნობით მოცემულია ძველი მარნის აღგდენის საპროექტო დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც ის კვლავ მოიაზრება მშენებარე ობიექტის არქიტექტურული კონცეფციის ერთ-ერთ ძირითად ნაწილად“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
სასამართლო დავა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ
ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო შენდება, წლების წინ ძეგლის სტატუსის არმქონე სახლი იდგა, რომელიც 2019 წელს, მერიის ნებართვით დაანგრიეს. აღნიშნული სახლის ქვეშ შემორჩენილი იყო თაღოვანი სარდაფი, რომელზედაც კომპანიის დაკვეთით მომზადებულ ისტორიულ-არქიტექტურულ დასკვნაშიც იყო საუბარი.
დოკუმენტში, რომლითაც მერიამ აღნიშნული შენობის დემონტაჟის ნებართვა გასცა, ასევე იყო ნახსენები სარდაფი და მის შენარჩუნებაზე იყო საუბარი, თუმცა დათქმა შეუსრულებელი დარჩა, რადგან კონსტრუქცია მშენებლობის დროს დაანგრიეს.
კომპანიის ხელმძღვანელობა მაშინ ამბობდა, რომ სარდაფის დანგრევა პროექტის მოცულობის შევიწროების გამო მოუხდა, თუმცა აგურები დაასაწყობა და ვალდებულება აიღო, რომ სასტუმროს დასრულების შემდეგ ისეთივე კონსტრუქციას ააგებს, რომელიც დემონტაჟისას დაანგრიეს.
2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისტორიულ უბანში დიდი სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა. სასამართლოს აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეჩერებას „გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრმა“ სთხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით, შეჩერდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ყველა ბრძანება და გადაწყვეტილება.
„გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, სასამართლო ახსენებდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის რუკას, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთი, რომელზედაც სასტუმრო შენდება, მდებარეობს ამავე ქუჩის №15, 16, 18 და 24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მომინჯნავედ და ექცევა აღნიშნული ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში.
სასამართლო დადგენილებიდან რამდენიმე წელში, ახალ პროექტზე მშენებლობის ნებართვა მერიამ უკვე გასცა. პროექტის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა 23 თვეში უნდა დასრულდეს, მისი სახელწოდება კი Crown Plaza იქნება.