გორის მერიას 26 000 კვ/მ-ზე მეტი ტერიტორიის სამშენებლო-ინერტული ნარჩენებისაგან დასუფთავება დაევალა – HRC

ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) 2024 წლის მარტი, აპრილი, მაისი, ივნისის წარმატებული საქმეები წარმოადგინა. ერთ-ერთი საქმის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასაფლაოს მიმდებარედ არსებული 26000 კვ.მ.-ზე მეტი ტერიტორიის სამშენებლო/ინერტული ნარჩენებისაგან დასუფთავება დაევალა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 19 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ალექსი მერებაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საშენებლო/ინერტული ნარჩენებისაგან დაასუფთაოს გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მიმდებარედ არსებული 26000 კვ.მ.-ზე მეტი ტერიტორია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2022 წლის აგვისტოს თვიდან ცდილობს, დაავალოს მერიას, მოაწესრიგოს ტერიტორია და მოახდინოს სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არათუ დაასუფთავა ტერიტორია, პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო კომპანიები (და არა მხოლოდ) კვლავ აგრძელებდნენ ინერტული ნარჩენების განთავსებას ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს როგორც დასახლებული პუნქტის, ისე ქალაქის სასაფლაოს მიმდებარედ. მერია დაჯარიმდა კიდეც გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
2023 წლის ივნისის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრი იძულებული გახდა მიემართა გორის რაიონული სასამართლოსათვის, რათა მას დაევალებინა გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის კონკრეტული ტერიტორიის დასუფთავება.

ასევე დაგაინტერესებთ