ხელოვნების მუზეუმს 1994 წელს გატაცებული ნახატი დაუბრუნდა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმს დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა. უწყებამ მუზეუს გადასცა ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი.
მათი ცნობით, 1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის “მაჭანკალთან” და იაკობ ვან რუისდალის “ჩანჩქერთან” ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს.
“მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი – ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ – მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა”, – წერია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს – ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის.
მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ