ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ედება.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებული გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.