ქალს, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
“ახალგაზრდა ქალბატონი, 35 წლის, შემოიყვანა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები ღია მოტეხილობასთან ერთად, პაციენტი მომზადების შემდეგ გადავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში.
ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად” – ამბობს საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის ექიმი, პავლე პეტრიაშვილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი გვიან ღამით დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ.