თამარ კორძაია – პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის წევრებიც შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსულ კანონთან” დაკავშირებით – ეს კანონი არავის უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში

პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის წევრებიც შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, რადგან ეს კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს. ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
კორძაიას განმარტებით, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები სარჩელს მიმდინარე თვის ბოლოს შეიტანენ.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, როდესაც ვიხილავდით სარჩელებს და იქვე დავამატე პარლამენტის წევრების პოზიცია, რომ ჩვენც აუცილებლად შევიტანდით სარჩელს, ჩვენი სარჩელიც თითქმის მზად არის, თვის ბოლოს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რომლითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს, ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22-ე მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას და, რა თქმა უნდა, რაც ნიშნავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განადგურებას. პარლამენტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 78-ე მუხლის აღსრულებაში ჩვენც, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან მივიჩნევთ, რომ 78-ე მუხლის დაწესებული ეს ბრძოლა ევროკავშირისთვის არის ჩვენი ვალდებულებაც, რადგან იქ წერია, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ ოპოზიციის თანხმობა ამასთან დაკავშირებით არის და ჩვენც შევიტანთ სარჩელს ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაში ფიზიკური პირებიც შეიტანენ სარჩელს. ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება განხილვის ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას რადგან თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78-ე მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი”, – განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის გამოყენება, რომელიც გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე, კანონის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს.
„აქ მეორე საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაყენეთ დროებითი მექანიზმის გამოყენების მოთხოვნაც, რომელიც ითვალისწინებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას და ეს მოითხოვს სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს შეკრებას და მსჯელობას ამ კანონის შეჩერების ნაწილში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით