ისრაელის თავდაცვა ადასტურებს, რომ “ჰამასმა” წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა. მათივე ინფორმაციით, მძევლებს შორის 10 ისრაელის და 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მედიის ცნობით, გათავისუფლებულ ისრაელელი მძევლებიდან 9 ქალი და ერთი ბავშვია. ამასთან, მედიის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 30 პალესტინელს ისრაელი მოგვიანებით გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.