პოლონეთი განიხილავს უკრაინის წინადადებას რუსული რაკეტების შეჩერების შესახებ, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე დასარტყმელად მიემართებიან ან პოლონეთის ტერიტორიაზე შედიან, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარასკევს ნატო-ს სამიტის ფარგლებში American Enterprise Institute-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი დილემა შემდეგია: თუ მათ ჩამოვაგდებთ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვლენ, ნამსხვრევები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს და საკუთრებას. უკრაინელები კი გვეუბნებიან: “გთხოვთ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, გააკეთეთ ეს ჩვენს საჰაერო სივრცეში, როდესაც პოლონეთის ტერიტორიაზე მათი შესვლის გარდაუვალი საფრთხე იქნება“. ჩემი აზრით, ეს არის თავდაცვა, მაგრამ იდეას ვიკვლევთ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი განმარტებით, პოლონეთის მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეა უკრაინასა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებაშიცაა განხილული.
„ამ ეტაპზე ეს არის იდეა. რაც ჩვენს შეთანხმებაში წერია, არის ის, რომ ჩვენ გამოვიკვლევთ ამ იდეას“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად მოხდება.