აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა საავადმყოფო, სადაც იგი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ცნობით ტრამპი ჩავიდა ნიუ-ჯერსიში, სადაც ის თავის კერძო გოლფის კლუბში გარკვეული დროის გატარებას გეგმავს.
ვიდეოში, რომელიც ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა, ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავიდან ჩამოდის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების თანხლებით, რომელიც უმაღლესი ხელისუფლების დაცვას ახორციელებენ.
საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ ტრამპს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავების განცხადებით, მსროლელი ტრამპის შეხვედრის გარეთ იმყოფებოდა და ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, ინციდენტის შედეგად დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი. მათივე ცნობით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას.
ტრამპი – რომელსაც რესპუბლიკური პარტია დიდი ალბათობით პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს 2024 წლის არჩევნებზე – ხალხს აჩვენებდა საზღვარზე გადასვლის მონაცემებს, როცა გაისმა როგორც ჩანს სროლის ხმა. ტყვია დონალდ ტრამპს მარჯვენა ყურში მოხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მადლიერებას გამოხატავს ინფორმაციაზე, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას იძიებს გამოძიების ფედერალური ბიურო. FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.
FBI-ის სპიკერმა განაცხადა, რომ სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე საფრთხის შესახებ ტრამპის გამოსვლამდე ბატლერში გამართულ აქციაზე. CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ფედერალური უწყება იძიებს, თუ როგორ შეძლო კრუქსმა აქციის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე შეუმჩნევლად ასვლა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი თავს თომას მეთიუ კრუკსს უწოდებს და ამბობს, რომ მას სძულს რესპუბლიკელები.
პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტ და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლ ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე.