შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო. ცდილობენ რადიკალური ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას. ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ჩვენს საზოგადოებაშიც არიან ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც ახალგაზრდებს ძალადობისკენ უბიძგებენ. ამის მაგალითად შალვა პაპუაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, “პარლამენტის წევრების მიმართ დაწყებული ძალადობრივი კამპანია” მოიყვანა.
„გულისწყვეტაა, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ თუ ენჯეო სექტორშიც, არიან ასეთი ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა ისე გაწირონ, რომ თვალი არ დაახამხამონ. ვნახეთ, ყველა ცდილობს, რომ შემთხვევის მნიშვნელობა დააკნინონ. მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა – ფიცოს ვიღაც პენსიონერმა ესროლა, ტრამპს ვიღაც თინეიჯერმა ესროლა და ასე შემდეგ.
სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ხელწერაა. იმიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც საქართველოში ინერგება ზოგიერთ ჯგუფების მეშვეობით, უცხოეთის დაფინანსებით, სწორედ აქეთკენ მიდის. ზუსტად ასე შეაჩეჩეს ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომლის სროლის შედეგადაც პოლიციელი სიკვდილს შემთხვევითი გადაურჩა და ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა, ახლა ფარისევლურად რომ წუხს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა პოლიციელს და სიკვდილისთვის სწირავდა.
სწორედ, ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი, რომ მერე დააბრალონ პოლარიზაციას და გახლეჩას და არ ჩანდეს კონკრეტული დამნაშავე ამ ყველაფრის უკან, ის, ვინც აქეზებს, ის ვინც ცეცხლს უკიდებს, ის ვინც აპროვოცირებს ასეთ ქმედებებს. ჩვენ ამას საქართველოში ვაკვირდებით და ამიტომ ვამბობდით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა დონორი, რომელიც ასეთ ორგანიზაციასთან კავშირშია, ამას გამიჯვნოდა. სამწუხაროდ, დღემდე, გავიდა კვირები და თვეები და ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ელჩი, რომელიც გაემიჯნებოდა მაგალითად, „ჯემნიუსის“ თანამშრომლის მიერ პარლამენტის წევრებისადმი 84 ტყვიით დამუქრებას. არადა ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ერთი წუხილი არ გამოუთქვამს არცერთ ევროპელ პოლიტიკოს თუ დიპლომატს. დღემდე ვერ ვნახეთ გამიჯვნა ევროპელი პოლიტიკოსების „გრასის“ თანამშრომლის მიმართ, რომელიც მიუვარდა პარლამენტის წევრს და მის ოჯახს და ნახეთ, რომ ხულიგნობაში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღიათ. დღემდე არცერთი დასავლელი პოლიტიკოსი და დიპლომატი არ გამიჯვნია „სირცხვილიას“ წარმომადგენლების მხრიდან, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას და შემდეგ მათი ოჯახის წევრებთან დარეკვას, მუქარას და ზეწოლას.
რა თქმა უნდა, ეს არის აცდენა ევროპული ღირებულებებისგან და მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯგუფები, ვგულისხმობ უცხოელ დიპლომატებს თუ პოლიტიკოსებს დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს. წაყრუება ამ სიძულვილის, მუქარისა და ზეწოლის მიმართ, ნიშნავს და არის წახალისება, ეს ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს დამფინანსებლების მხრიდან მოწონებულია და შეუძლიათ ეს საქმიანობა გააგრძელონ.
ზუსტად იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ მიმართულების წარმომადგენლები არიან, პირველად “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს პოლიციელს და ეს ჩაატარეს, ვითომც არც არაფერი და მგონი, საბოლოო ჯამში, იქით დააბრალეს პოლიციელს. ვნახეთ, რომ საბოლოოდ, ეს ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ამ შემთხვევაში აქ ერთი ადამიანის საკითხი არ დგას, ეს არის მთლიანად ტენდენცია, პოლიტიკა და მიდგომა, რომელიც ამ ჯგუფებს აქვთ, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ უბიძგებენ.
შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო. ცდილობენ რადიკალური ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას. ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი კი ადგილზე გაანეიტრალეს.