ევროკავშირის საწყობებში შენახული ასობით ათასი ტონა ყავა და კაკაო განადგურების რისკის წინაშეა, რისი მიზეზიც შესაძლოა, ივნისიდან ძალაში შესული ტყეების გაჩეხვის კანონი გახდეს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
კანონი მიზნად ისახავს ევროკავშირში იმ პროდუქციის, კერძოდ, ყავის, კაკაოს, პალმის ზეთისა და კაუჩუკის გაყიდვის აკრძალვას, რომლებიც ტყეების გაჩეხვის ადგილებში არის გაშენებული.
კონტინენტთაშორისი ბირჟა, ICE (Intercontinental Exchange) გაეროს და მსფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთობლივი სააგენტოა. ICE ყავისა და კაკაოს ფიუჩერსებით ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრია, რომელიც გაფრთხილებას იძლევა, რომ გარდამავალ პერიოდში ნაწარმოები, ასევე, ევროკავშირში შენახული ყავა და კაკაო შესაძლოა, მოთხოვნებთან შეუსაბამოდ ჩაითვალოს და ბლოკის გარეთ გაიყიდოს ან განადგურდეს.
კაკაოს გლობალური მოსავლის, დაახლოებით, 70% კოტ-დ’ივუარსა და განაში მოდის, სადაც ტყეების გაჩეხვა და ბავშვთა შრომა ფართოდ გავრცელებულია, ხოლო ყავის წამყვანი მწარმოებლები ბრაზილია, ვიეტნამი, კოლუმბია და ინდონეზიაა.
მიმდინარე წლის ზაფხულის მდგომარეობით, მთელი ევროპის საწყობებში, თითქმის, 200 000 ტონა კაკაო და 150 000 ტონა ყავის მარცვალი ინახებოდა.
ევროკავშირის ახალი წესი, „მწვანე კურსის” ფარგლებში, მისი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მთავარი ნაწილია. კანონის მიზანია, ევროკავშირში პროდუქციის მოხმარებამ მის გარეთ არსებულ ქვეყნებს ზიანი არ მიაყენოს.
ამჟამად ევროკომისია გარდამავალ პერიოდში იმპორტირებული მოსავლის შენახვაზე გამოსავალს ეძებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს.
bpn.ge