პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოკლული, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, რომ მის დაზე ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილი 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, რომ მის დაზე ფიზიკურად იძალადა ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მათ შორის მოწმის სახით დაიკითხა მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანი და.
პროკურორის თქმით, დის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან ის არასრულწლოვანია და შესაბამისად, მისი დაკითხვის ნაწილში სხდომა დაიხურა, თუმცა, როგორც პროკურორმა განმარტა, დამ დაადასტურა, თუ რა ინფორმაციას ფლობდა მისი დისგან.
“რაც შეეხება მიმოწერებს, ჩვენ საქმეში გამოთხოვილი გვაქვს, როგორც წინა დღის, ისე წინა პერიოდის მიმოწერები. რასაკვირველია, ცალკე აღებული არ ვიხილავთ ამ მესიჯებს. წინა პერიოდის მესიჯები მიუთითებს იმ გარემოებაზე, როგორ ექცეოდა ბრალდებული დაზარალებულს, რა სიტყვებით, უცენზუროდ მოიხსენიებდა მას, რომელსაც შემდეგ სხდომაზე გამოვიკვლევთ. გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტი [ცინდელიანი მხრიდან ჯავახიშვილზე]”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ფსიქიატრი, რომელმაც პროკურორის თქმით, დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ქეთევან ჯავახიშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესიული ფონი და
მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა. ასევე, დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის სახლის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, მათ შორის გადაგდებული შარვალი, რომელსაც ასევე სისხლისმაგვარი ლაქები ეტყობოდა.
გარდა ამისა, სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა 112-ის ჩანაწერი, რითაც ირკვევა, რომ პირი 112-ის თანამშრომელს ატყობინებს, რომ ლილოს დასახლებაში ცხედარი იპოვეს და ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლას ითხოვს. სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო. ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც