რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან კეოსიანი 10 წელზე მეტია ერთად არიან. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ტელეკომპანია RT-ის ხელმძღვანელი არ მალავს, რომ ოჯახური ცხოვრების დასაწყისში მას გარკვეული შიშები ჰქონდა, როგორი იქნებოდა მათი თანაცხოვრება, მაგრამ ამბობს, რომ ოჯახური ცხოვრება ძალიან მშვიდი გამოდგა.
“მე და ტიგრანს ძალიან გვეშინოდა, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ გავუმკლავდებოდით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი შიში უსაფუძვლო იყო. ახლა გვეცინება იმ დღეებს რომ ვიხსენებთ, როცა ამის გვეშინოდა. წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე ცხოვრება“, – წერს კრემლის პროპაგანდისტი პირად ბლოგზე. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, თუ როგორ გადაეჩვია ტიგრან კესოიანი ყვირილს, მარგარიტამ უპასუხა, – “ტიგრანმა ცხოვრებაში ერთხელ მოისმინა ჩემი ყვირილი და მას შემდეგ, ძალიან ეშინია, რომ კიდევ განმეორდება.“
რუსები მისი ცხოვრების გზას “სამაგალითოს” უწოდებენ. რიტა, როგორც მას ეძახიან, კრასნოდარში დაიბადა. მის ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, არ იყო გაზი, წყალი და ოთახებში ვირთხები დარბოდნენ.
ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, რომ სიღარიბეს გაქცეოდა და მომავალში სიმდიდრეში ეცხოვრა, რაც საბოლოოდ რუსი ფიურერის, პუტინის ერთგულებითა და მხარდაჭერით შეძლო…
სკოლაში სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში წავიდა. ახალი ცხოვრების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, საცხოვრებლად შტატებში დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ ისევ რუსეთში დაბრუნდა.
მიუხედავად ნანატრი პოპულარობისა, მარგარიტა ყოველთვის ცდილობდა, რომ პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დამალული ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დაახლოებით 6 წელი ცხოვრობდა ჟურნალისტ ანდრეი ბლაგოდირენკოსთან.
ათ ურთიერთობაში ბზარი მარგარიტას კარიერული წინსვლის პერიოდში გაჩნდა. მოგვიანებით ამბობდა, რომ იმდენად იყო კარიერაზე ორიენტირებული, რომ ქორწილსა და ურთიერთობების დაკანონებაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მას ეს არ სურდა.
იმ მომენტში სიმონიანისთვის თავისუფალი ურთიერთობა მნიშვნელოვანი იყო და ფიქრობდა, რომ ქორწინების მოწმობა ამ ყველაფერს გააფუჭებდა. მის არაოფიციალურ მეორე ნახევარს კი ოჯახური კომფორტი სურდა. წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, ყველაფერი მარტივად მოხდა, რადგან მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ.
2012 წელს მარგარიტას ცხოვრებაში ტიგრან კეოსაიანი გამოჩნდა. ამ დროისთვის ტიგრანი უკვე ცნობილი რეჟისორი იყო. ტიგრანი მშობლების კვალს გაჰყვა, რადგან მამამისიც ცნობილი რეჟისორი იყო, დედა კი მსახიობი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან იცოდა, რომ ფილმების გადაღება სურდა და სცადა VGIK-ის სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გაზეთები წერდნენ, როგორ ცდილობდა ცნობილი რეჟისორი ყველა საშუალებით გაეხადა თავისი უნიჭო შვილი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი.
ახლა რეჟისორი რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმისა და კლიპის ავტორია. კეოსაიანმა თავისი პირველი სიყვარული სარეკლამო რგოლის გადაღებისას გაიცნო. ალენა ხმელნიცკაია, მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში.
შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა, ერთი წლის შემდეგ კი ალექსანდრას მშობლები გახდნენ. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მაშინ ხმელნიცკაიამ საკუთარი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ტიგრანი და ალენა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ წყვილად, რუსული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოჯახად ითვლებოდნენ. მაგრამ ყველაზე იდეალურ ურთიერთობასაც კი დასრულება ელოდა. 2011 წლიდან ყველაფერი აირია და მალე განქორწინება გადაწყვიტეს. ტიგრანმა და ალენამ მოახერხეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება.
სწორედ მაშინ გამოჩნდა ტიგრანის ცხოვრებაში მარგარიტა. დიდი ხნის განმავლობაში ქალი ვერ იჯერებდა, რომ ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორიც კეოსაიანი იყო, მისით დაინტერესდა. მამაკაცი მასზე 15 წლით უფროსია. მალე წყვილი ერთობლივმა ბიზნესმა გააერთიანა. ტიგრანმა სოჭში რესტორანი “ჟარკო“ გახსნა. მალე გაირკვა, რომ მარგარიტას და ტიგრანს ერთმანეთი შეუყვარდათ და მათ ქალიშვილი მარიანა შეეძინათ. რიტა ამჯერადაც მალავდა მეორე ნახევარს. საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ მარგარიტა უკვე მეორე შვილს ელოდებოდა. ამჯერად ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაგრატი დაარქვა. მხოლოდ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტეს ტიგრანმა და მარგარიტამ, რომ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ.
სიმონიანი კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ახლო მეგობარია.
პუტინის ფავორიტი აშუქებდა ჩეჩნეთის ომს, ბესლანის ტერაქტს, აგვისტოს ომს და მცდარი ინფორმაციების გავრცელების მასტერკლასს ატარებდა. მას მიღებული აქვს პუტინისგან არაერთი ჯილდო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, მარგარიტა და მისი ქმარიც მოხვდნენ დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში.