„ევოლუშენ ჯორჯიას“ დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

ონლაინ კაზინო „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფიცვაში, რომელიც დღეს 12 ივლისს დაიწყო, 5 000-მდე ადამიანი მონაწილეობს, რაც „ევო-კავშირის“ ცნობით, კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია.
გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ.
გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული სქრინები რამდენიმე წლის წინანდელია. თუმცა კომპანიის თანამშრომლები ნეტგაზეთთან აცხადებენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მენეჯმენტის მხრიდან კვლავ გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ამ ადამიანთა ნაწილი დღემდე მუშაობს კომპანიაში.
ამბავს მეორე დღესვე გამოეხმაურა „ევოლუშენ ჯორჯია“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიმოწერის შინაარსი მათთვის მიუღებელია, საკითხს შეისწავლიან და მიიღებენ „უმკაცრეს ზომებს“.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები

ასევე დაგაინტერესებთ