ნანა ლეჟავა TV24-ის დამფუძნებლებს ადანაშაულებს

TV24-ის ყოფილმა დირექტორმა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნანა ლეჟავამ ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზები განმარტა. მან ტელეკომპანიის დამფუძნებელი, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი და მისივე თქმით, შალელაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, სანდრო თოფურია თაღლითობაში დაადანაშაულა.
ნანა ლეჟავამ TV24 8 ივლისს დატოვა და დღეს, 10 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ კომპანიის დამფუძნებლებმა ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებამდე გაცემული დაპირებები არ შეასრულეს, კონტრაქტით გათვალისწინებული შეთანხმება არ გაითვალისწინეს, რის შემდეგაც “ურთიერთობა ჩიხში შევიდა”.
“ამბავი იმაზედ, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი.
მათი მხრიდან დაიდო უამრავი პირობა, რომ სურდათ ეხილათ ყველა პარტიისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დაგვეწყო მცირე ბიუჯეტით, შემდეგ გავიზრდებოდით. ნუ, პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზნოდ ამ საცოდავ ქვეყანაში ტელევიზიას არავინ ხსნის. გარკვევით ავუხსენი, რომ თუ ჰქონდათ იმედი, ეს ტვ მათ ოქტომბრის არჩევნებში რამე დივიდენდებს მოუტანდა, დაევიწყებინათ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უარყვეს.
10 ივნისს გავდივართ ეთერში და მანამდე ვიღებ სანდრო თოფურიას პირობას, რომ ოღონდ ეთერში გავიდე და მექნება ყველაფერი ნორმალური ფუნქციონირებისათვის!
20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა”, – წერს ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, ის 4 ივლისს შალელაშვილთან და თოფურიასთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება. როგორც აღნიშნავს, შეხვედრაზე ისიც თქვა, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებდა. ნანა ლეჟავას თქმით, შეხვედრას, რომელზეც ინციდენტი მოხდა, ტელეფონით იწერდა და შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლებსაც მოასმენინა.
ასევე, როგორც ჟურნალისტი წერს, კომპანიის დამფუძნებლისგან ისიც მოისმინა, რომ თანამშრომლებისთვის საშემოსავლოს გადახდას არ აპირებს და “ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ”.
“თმა ყალყზე დამიდგა იმ უტიფარი ტყუილების მოსმენით რასაც ეს ხალხი კადრულობდა!! პირველი ჩემი შეკითხვა შეეხებოდა რას ნიშნავს, რომ თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო?? როცა წინა თვეში მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს ხელფასი დაუბეგრავად – ის, რაც ეწერათ კონტრაქტებში!! პასუხი ???? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები -ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა??? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინ!!! მოკლედ საუბარი არ შედგა ბატონი სანდრო თოფურიას უტიფარი ტყუილების გამო. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის მოძალადედ ვიქეცი და ლამის წყლის ბოთლი(პლასტმასის :დდ ) დავალეწე თავზე ამ მონას”, – წერს TV24-ის ყოფილი დირექტორი.
ნანა ლეჟავა გამოქვეყნებულ პოსტში ხაზს უსვამს, რომ შოთა შალელაშვილი, შესაძლოა, პრეზიდენტის მხარდასაჭერ კოალიციაში იყოს გაერთიანებული და საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობებისა, “თაღლითები პოლიტიკურ ველზე არ შემოიყვანოს”.
ნეტგაზეთი ამ ეტაპზე ცდილობს სანდრო თოფურიასთან დაკავშირებას, თუმცა ის ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.
როგორც შოთა შალელაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, 4 ივლისს გამართული შეხვედრა ნანა ლეჟავამ ჩაშალა და “გარჩევების ინიციატორიც” ის იყო.
“ყველანაირად ვეცადე, რომ პრობლემები გადაგვეჭრა. ეს შეხვედრა ქალბატონმა ნანამ ჩაშალა, გაიქცა, დანარჩენი, მათი გადაწყვეტილებები აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ჩვენი ოჯახიდან. მე საერთოდ არ ვერევი. მე ვთხოვე, თუ გინდათ მოგისმონოთ, ყველა პრობლემა გადავდოთ, მხოლოდ პრობლემების გადაჭრაზე ვისაუბროთ-მეთქი და გარჩევები დაიწყეს. გარჩევების ინიციატორი იყო ქალბატონი ნანა [ლეჟავა], რაღაც პრეტენზია ჰქონდა სანდროსთან [თოფურიასთან]. ასეთ დროს ძალიან ძნელია, როდესაც მტკიცებულებები არცერთი მხრიდან არ არის… ჩემთან რა საერთო აქვს? შოთა რა შუაშია? და თაღლითობა სად დაინახა?”, – ამბობს შალელაშვილი.
რადიო თავისუფლებამ მას თანამშრომლების მხრიდან საშემოსავლოს გადახდასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რაზეც შალელაშვილმა უპასუხა, რომ პირადად არ ჩარეულა არც ხელშეკრულებების შედგენაში და არც მის შინაარსში:
“მაგის არც უფლებამოსილება მაქვს, რაიმე გადავიხადო, ან არ გადავიხადო. ხელს არავისკენ არ ვიშვერ, არც ქალბატონი ნანასკენ, არც სანდროსკენ. მათ ერთმანეთში დამოუკიდებელი ურთიერთობა ჰქონდათ ჩარევის გარეშე. ჰქონდათ აბსოლუტური დამოუკიდებლობა სარედაქციო პოლიტიკაშიც. ერთხელაც, ერთი თვის განმავლობაში შოთას [შალელიშვილის] ან მისი ოჯახის სახელი ამ ტელევიზიაში არ გაჟღერებულა. თუკი რაიმე პრეტენზიები აქვს, მზად ვარ მოვისმონო, მაგრამ ეს იქნება მისი მხრიდან ცილისწამება”, – ამბობს შალელაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნანა ლეჟავამ TV24 8 ივლისს დატოვა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა თანაწამყვანმა, ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ დაუდასტურა. დარსალიას თქმით, ლეჟავას გადაწყვეტილების მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკა არ იყო.
TV24-მა მაუწყებლობა ერთი თვის წინ დაიწყო. ტელევიზია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ცოლს, ირმა ფიჩხაძეს ეკუთვნის. შალელაშვილმა ჯერ კიდევ მაუწყებლობის დაწყებამდე ნეტგაზეთს უთხრა, რომ ის და მისი ცოლი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ