ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტას გერმანიაც აანონსებს – თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დეპუტატები მკაფიოდ აცხადებენ, რომ გერმანია საქართველოში განსახორციელებელ ახალ პროექტებს აღარ დააფინანსებს.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი, რობინ ვაგენერი ამბობს, რომ გერმანია საქართველოში მოვლენების განვითარებას დააკვირდება და ამის მიხედვით მიიღებს სამომავლოდ გადაწყვეტილებას.
როგორც ვაგენერი დასძენს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გერმანიისგან ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა არ ემუქრება, რადგან ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მართებული არ იქნება.
მკაფიოა, რომ ახალი პროექტები აღარ დაფინანსდება, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ჩვენ ამას ყურადღებით გადავხედავთ, განვიხილავთ, დავაკვირდებით პროცესს და შესაბამისად მოვიქცევით. აშკარად ვხედავთ, რომ ხალხს ევროკავშირის წევრობა უნდა, რასაც ქუჩაში პროტესტითაც გამოხატავენ. უვიზო რეჟიმის მოხსნას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ ქართველი ხალხის ნებას ვხედავთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ჩამოვიდნენ შეუფერხებლად ევროპაში, ნახონ როგორია ევროპა, რას ნიშნავს ევროპული ცხოვრება. ჩემია აზრით, სავიზო რეჟიმის გაუქმება ახლა არ იქნებოდა მართებული”, – ამბობს ვაგენერი.
ბუნდესტაგის წევრი დასძენს, რომ გერმანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამიტომ მისი თქმით, დაფინანსება მხოლოდ საქართველოს მთავრობას შეუწყდება და არა საზოგადოებას.
ყველა ის პროექტი და დახმარება, რომელიც ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის მიმართული, არ შეიცვლება, მაგრამ მთავრობის დახმარებას რაც შეეხება, ყველა ეს პროექტი ყურადღებით გადაიხედება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. უვიზოს რეჟიმის გადახედვას რაც შეეხება, ეს ახალგაზრდობას ეხება და ამის შეფერხება და შეჩერება ჩვენ არ გვსურს”, – ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი.
როგორც ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს, გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილებები სრული სიფრთხილით და ყოველგვარი პირობების გათვალისწინებით განიხილონ.
ყველაფერი, რაც ჩვენ მოვისმინეთ შევედრებისას, გვიჩვენებს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთები ახლა გზაგასაყარზე დგას და ახლა ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ეს ყველა მიმართულებით, პროექტებით თუ ურთიერთობებით, ამაზე ფრთხილად უნდა დავფიქრდეთ იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ რიტორიკა, როცა ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა”, – ამბობს ბუნდესტაგის დეპუტატი.
თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დეპუტატების შეხვედრა დასრულებულია – გერმანელმა პოლიტიკოსებმა პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით გერმანიის გზავნილები გააჟღერეს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს – პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს.
გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
