ნიგერიული თვითმფრინავი არასწორ აეროპორტში დაეშვა

ნიგერიაში კომერციული თვითმფრინავი, რომელშიც 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, არასწორ აეროპორტში დაეშვა.
United Nigeria Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც კვირას ნიგერიის კომერციული ცენტრიდან, ლაგოსიდან, აფრინდა და აბუჯასკენ მიემართებოდა, ასაბას საერთაშორისო აეროპორტში გადაინაცვლა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აბუჯაში ნნამდი აზიკივეს საერთაშორისო აეროპორტში“, – გამოაცხადა სალონის ეკიპაჟმა, თუმცა თვითმფრინავი რეალურად ასაბაში დაეშვა, ქალაქ აბუჯადან 329 კილომეტრში (204 მილი).
მგზავრების თქმით, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ აბუჯას ნაცვლად ასაბაში იყვნენ.
ავიაკომპანიამ არეულობა უამინდობას მიაწერა. ავიაკომპანიის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პილოტმა თვითმფრინავი ასაბისკენ მას შემდეგ მიმართა, რაც დანიშნულების ადგილზე უამინდობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
თვითმფრინავების მარშრუტის შეცვლა ნიგერიაში იშვიათია. ინციდენტმა ქვეყანაში საავიაციო უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება გამოიწვია.