BTU-ს DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო გვაზავა – დღეს წამყვანი ორგანიზაციები DevOps მიდგომებით მართავენ IT პროცესებს

სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში კი მისი განხორციელება 4 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე პროგრამას მაგისტრანტებს მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელი და High-Tech Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გვაზავა განმარტავს, ის მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნისა და აქტუალური უნარების მქონე საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.
ამ ეტაპზე საზოგადოების მხრიდან DevOps-ის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესია. სწორედ ამიტომ ნინო გვაზავას მის შესახებ დეტალურად ვესაუბრეთ.
რატომ იზრდება DevOps მიმართ ყურადღება მსოფლიო მასშტაბით?
დღეისათვის ყველა წამყვანი ორგანიზაცია DevOps-ის მიდგომებით მართავს IT პროცესებს ან არის აქტიური ტრანსფორმაციის პროცესში. შესაბამისად, DevOps ინჟინრებზე მოთხოვნა გლობალურადაც და ლოკალურად სწრაფად იზრდება. DevOps-ის ინჟინერი საკმაოდ კომპლექსურ უნარებს მოიაზრებს საკუთარ თავში – მას შეუძლია გარემოების მართვის ავტომატიზაცია, კონფიგურაციის მენეჯმენტი, უწყვეტი ტესტირება, კოდის გაშვება, მონიტორინგი და მთელი ამ ციკლის ერთიან „კონვეიერში“ მოქცევა. ასევე, DevOps-ის ინჟინრის დღევანდელ მოთხოვნებში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ცოდნის საჭიროება, რაც მომდევნო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარებში აუცილებლად დარჩება.
DevOps-ს იყენებენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment. სწორედ ამიტომ არის მისი ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე დანერგვა მეტად მნიშვნელოვანი.
პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელნი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან.
რას სთავაზობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის DevOps პროგრამა მაგისტრანტებს?
BTU-ს ბაზაზე შექმნილი DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის მიზანი სწორედ მზარდი საჭიროების პასუხია, კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარები DevOps-ის ყველა ძირითადი მიმართულების სამართავად და შესაბამისად, შეძლებენ სასურველ ორგანიზაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გააგრძელონ მუშაობა.
კურსდამთავრებული შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე – კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესის დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, აგრეთვე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.
ვინ ასწავლიან DevOps-ის მაგისტრანტებს?
პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.
სად შეუძლიათ კურსდამთავრებულებს დასაქმება?
პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპიუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები ბიზნესისთვის კრიტიკულია. რა იცვლება ყოველწლიურად DevOps სამაგისტრო პროგრამაში?
DevOps-ის როლი ორგანიზაციებში ყოველწლიურად ვითარდება, ბაზარზე ჩნდება ისეთი პოზიციების საჭიროება, როგორიც არის MlOps, AIOps, DataOps, FinOps და ა.შ. BTU-ს სამაგისტრო პროგრამაც აქტიურად მიყვება მოთხოვნებსა და ტენდენციებს და სასწავლო გეგმაში ყოველწლიურად ემატება ახალი საგნები, მაგალითად ბოლო სემესტრში დაემატა ახალი საგნები – DevSecOps, FinOps და DataOps – რა მიუთითებს იმაზე, რომ პროგრამა მუდმივად ვითარდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
როგორ ხდება პროგრამაზე ჩაბარება?
ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
· საერთო სამაგისტრო გამოცდა;
· ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
· გამოცდა სპეციალობაში.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ