“კაკალი” – გურჯაანში კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი ახალი საწარმო “კაკალი” დღეს ამოქმედდა – ამის შესახებ BMG-ის საწარმოს დამფუძნებელმა, ლერი ტაბატაძემ განუცხადა.
“გავხსენით კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც სეზონზე 600 ტონა კაკალსა და 800 ტონა ნუშს გადაამუშავებს. ჩვენი მიზანი ნედლეულის გადამუშავებაში ადგილობრივი ფერმერების დახმარებაა, რათა პროდუქციამ სარეალიზაციოდ საბოლოო სახე მიიღოს”, – აცხადებს ლერი ტაბატაძე.
ახალი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ₾500 000-იანი, USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის $75 000-იანი გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით აშენდა. კომპანია 12 ადამიანს რეგიონიდან დაასაქმებს.
საწარმოში გადამუშავებული ნედლეულის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა კომპანია საექსპორტო მიმართულებითაც მუშაობს.
“ჩვენი პროდუქცია შიდა ბაზარზე რეალიზდება, თუმცა გვინდა, რომ ექსპორტზე ე.წ. გალფის ქვეყნებსა და ევროპაშიც გავიდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ უკვე ჰყავდათ დუბაიდან შემსყიდველი მოწვეული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკვე შეთანხმების პროცესში ვართ.
შეიძლება ითქვას, რომ ქართული კაკალი და ნუში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ხარისხის მხრივ. ეს არა მხოლოდ ჩვენი შეფასებაა, არამედ უცხოელი ექსპერტებისა და შემსყიდველებისაც, რომლებიც გემოვნური და ვიზუალური თვისებებით, ჩვენს პროდუქციას პრემიუმ ხარისხის კატეგორიაში აყენებენ და პოტენციალი გვაქვს, რომ მაღალგანვითარებულ ბაზრებზე გავიდეთ”, – ამბობს “კაკალის” დამფუძნებელი.
საწარმო დღეს გაიხსნება და ფერმერებს ნედლეულის ჩაბარება კაკლის შემთხვევაში 6-8 ლარად, ნუშის შემთხვევაში კი 11-15 ლარად შეეძლებათ.