ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს

ბარსელონაში ადგილობრივებმა მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გამართეს და ქუჩებსა და კაფეებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს. გასულ კვირებში მსგავსი აქციები გაიმართა, კანარის კუნძულებსა და მაიორკაზე.
150-ზე მეტი ორგანიზაციისა და სოციალური მოძრაობის ორგანიზებით, დემონსტრანტები შაბათ-კვირას პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან შეიკრიბნენ და ტურისტებს “სახლში წასვლისკენ” მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, მასობრივი ტურიზმის შეზღუდვისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
“ჩვენ გვსურს, რომ ქალაქის ეკონომიკურმა მოდელმა პრიორიტეტი მიანიჭოს სხვა გაცილებით უფრო სამართლიან ეკონომიკას. ამისთვის მიგვაჩნია, რომ ტურიზმი უნდა შევამციროთ”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარტი კუსომ.
ბარსელონა ესპანეთის ყველაზე პოპულარული ქალაქია, რომელსაც წელიწადში საშუალოდ 32 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ბარსელონას მერის, ჟაუმე კოლბონის თქმით, ის პირობას დებს, რომ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Airbnb-ი და Homeaway ტურისტებისთვის ბინების მიქირავების ლიცენზიას 10 000-ზე მეტ ადგილობრივს აღარ გაუხანგრძლივებს. ისინი ტურისტული მიზნით ბინების მიქირავებას მხოლოდ ესპანეთის მოქალაქეებისთვის შეძლებენ.
ქალაქის მერის განმარტებით, ეს ნაბიჯი მზარდი ეროვნული საბინაო კრიზისის აღმოფხვრას ემსახურება, რომელიც განსაკუთრებით მწვავეა ისეთ ტურისტულ ქალაქებში, როგორიც ბარსელონაა. მისი თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში ქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს მასობრივ ტურიზმთან გასამკლავებლად და პრიორიტეტი მიენიჭება ბარსელონას როგორც საცხოვრებელ [და არა ტურისტულ] ქალაქად აღქმას.