ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნებისა“ და “გირჩის“ მონაწილეობა საკმარისია არჩევანის გასაკეთებლად.
„სულ სამი პარტია არსებობს: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ამის ნაცვლად ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ. სამი პარტია სრულიად საკმარისები ვართ იმისთვის, რომ მწირი, მაგრამ არჩევანი არსებობდეს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების ჩატარების შეჩერებას, დეპუტატის თქმით, ნებისმიერი რამ, რომელიც საქართველოს აშშ-თან ურთიერთობას უფუჭებს, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგაა.
„იმედია, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაში, ორივე ქვეყნის არჩევნების მერე იქნება გადატვირთვა და ერთმანეთს მოვუბოდიშებთ ამ გაუგებრობას, რომელიც აწმყოში ჩვენსა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორისაა გამეფებული. ნებისმიერი რამ, რომელიც აშშ-თან ურთიერთობას გვიფუჭებს, მუშაობს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ჩვენ ის მორალური ფარი, რომელიც გვქონდა „ამერიკელები გვეხმარებიან“, ეს ფარი გვცილდება ნელ-ნელა. როცა ეს ფარი არ არსებობს, არ მჯერა, რომ რომელიმე ტანკს შეუძლია იმავეს მოტანა, რასაც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობა ჰქვია. როცა ასეთ რაღაცებს შორდები, რჩები პუტინის კეთილი ნების იმედად, რომ ის კარგი კაცია და საქართველოს თავს არ დაესხმება. ეს რამდენად აბსურდულია, ხომ წარმოგიდგენიათ?!“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.