გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. საქმე ეხება ბიზნესმენ დავით ხიდაშელს და კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”.
განცხადებაში წერა, რომ “სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული”.
“გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა. კომპანიის ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო”, – წერია განცხადებაში.