„გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს“ — შსს დაჭრილი კურიერის საქმეზე

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 6 ივლისის საღამოს საათებში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ინფორმაცია ნეტგაზეთს -ში დაუდასტურეს.
„ერთმა ადამიანმა ესროლა პნევმატიკური იარაღით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, — გვითხრეს შსს-ში.
ამ დროისთვის უცნობი რჩება, იდენტიფიცირებულია თუ არა პირი, რომელმაც კურიერს ესროლა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დაჭრილი კურიერის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, შემთხვევა 6 ივლისს, საღამოს საათებში მაშინ მოხდა, როცა კურიერმა მისამართზე შეკვეთა დატოვა.
„შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა, ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…
4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძეზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები“, – თქვა დაჭრილი კურიერის დედამ „ფორმულასთან“.
იმავე საღამოს დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ფორმულას“ ჟურნალისტმა სალომე გოგოხიამაც, რომელიც მისი ნათესავია. მისი თქმით, კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას უთხრეს, რომ შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავდათ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი წერს, „დიდი ჭიდილის“ შემდეგ, კლინიკამ პაციენტი დაიტოვა.
„სჭირდება ოპერაცია რომ მოხდეს ტერფის რეკონსტრუქცია და თითების ამპუტაციას აირიდოს. […] კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი“, – დაწერა სალომე გოგოხიამ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს