“ბიძინა ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გაიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს,” – ამ სიტყვებით აღწერს გავლენიანი გამოცემა “Politico” ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საქართველოში.
ამერიკული გამოცემა წელს აჯამებს და 2024 წლის წინ ევროპაში ძლევამოსილ მმართველებს ასახლებს. მათ შორის მოხვდა ოლიგარქი ივანიშვილიც – კაცი, რომელიც დენდროლოგიური პარკიდან ქეყნას არაფორმალურად მართავს.
გამოცემა “პოლიტიკომ” გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი, მათ გარდა, გამოცემა წერს კიდევ სამ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებზე – შემსრულებლები, დამრღვევები და მეოცნებეები. გამოცემა აღნიშნავს, რომ თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. ვინ დასახელდება ამ კატეგორიების მიხედვით ყველაზე გავლენიან პირებად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც “პოლიტიკო” ოლიგარქად მოიხსენიებს. ამავე სიაში მოხვედრილია უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი.
“თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა და შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) მის მიერ დაარსებული მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებს ხელიდან არ აგდებს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევაა”, – წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მოხსნა აკრძალვა პირდაპირი ფრენების შესახებ და წამოიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი მისი მოგზაურობის გამო ევროკავშირის დედაქალაქებში.
“ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრო-მოსკოვურ მოძრაობაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთის სანქციების დამრღვევი და გვერდის ავლით ექსპორტის საკვანძო კერად”, – წერს გამოცემა.
“პოლიტიკო” წერს, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და სურს დაინახოს თავისი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამავდროულად, დამკვირვებლები აფრთხილებენ “ქართულ ოცნებას”, რომ თბილისს აქვს სერიოზული დარღვევები ადამიანის უფლებებისა, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის კუთხით – სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს გაწევრიანების მრავალწლიან განაცხადს განიხილავს.
Politico აღნიშნავს, რომ თბილისს აქვს მკაფიო გზა 2024 წელს, თუ მას სურს წინსვლა ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებებში – “საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი”.