გამოცემა „პოლიტიკომ“ 2024 წლის პერსონების რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც დაასახელა.
ოლიგარქად მოხსენიებულმა ივანიშვილმა მერვე ადგილი დაიკავა ჩამშლელთა/ამრევთა რეიტინგში. „პოლიტიკო“ მას ქვეყნის არაფორმალურ მმართველს უწოდებს და წერს, რომ ყოფილი პრემიერის მიზანია, ევროკავშირის ნაცვლად, საქართველო რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს. „პოლიტიკო“ კითხულობს, მისცემს თუ არა ივანიშვილი საქართველოს საშუალებას, წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, „პოლიტიკოს“ მასალაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ივანიშვილია დიდწილად პასუხისმგებელი საქართველოს „პრო-რუსულ კურსზე“ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იქვეა აღნიშნული, რომ საქართველო „საკვანძო ჰაბია“ რუსეთის მიერ დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის ამგვარი დახასიათება „უბრალოდ, სამარცხვინოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ასეთი სტატიები ფულის სანაცვლოდ იწერება“. მისივე თქმით, „ასეთი სქემები მარტივად მუშაობს, მათ შორის, ევროპულ მედიაში – ფულს იხდი და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში“.
ივანიშვილთან ერთად, ჩამშლელთა/ამრევთა რეიტინგში მოხვდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი (მესამე ადგილი) და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც მეოთხე პოზიციაზე გავიდა.
საქმის მკეთებელთა კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მას მოსდევს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
მესამე, მეოცნებეთა კატეგორიაში მეორე ადგილი რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ დაიკავა. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ ბრიტანელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯი (მერვე ადგილი) და რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი (მეოთხე ადგილი). არც ერთ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულთა ვინაობა ცნობილი ჯერ არ არის.