თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის გამომწვევ ვერსიებზე საუბრობს

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი – არსებობს თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპვაზე.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა.
„მინდა მივუსამძიმრო ჩვენ თავდაცვის ძალებს ჩვენი დაღუპული გმირის, ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბაშვილის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, ავიაციის სარდლობას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი. მე მინდა, ვთხოვო საზოგადოებასა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს. ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არა მარტო იმიტომ,რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ ან იღებენ მონაწილეობას, არამედ იმიტომაც, რომ მათი ყოველი დღე არის რისკის მატარებელი, ისინი თავანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად გაიღებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე