„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თეგეტას მწვანე სტანდარტით“ მონაწილეობდა.
Meliora 2024-ის გამარჯვებულები ცხრიდან შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ავტორიტეტულმა ჟიურიმ საუკეთესოები იმ გამორჩეული CSR პროექტებით შეარჩია, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. ჟიური დაკომპლექტებული იყო დარგის წამყვანი ექსპერტებით, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით.
პროექტი „თეგეტას მწვანე სტანდარტი“, რომლითაც კომპანია საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას აერთიანებს და 2023 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს მოიცავს. პროექტის მიხედვით ჰოლდინგის ხედვა სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: მდგრადი სატრანსპორტო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების მართვა და ცნობიერების ამაღლება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტას მწვანე სტანდარტმა“ საერთაშორისო ჟიურისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ეს გამარჯვება დასტურია, რომ კომპანიას მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. გარემოზე ზრუნვა დიდი ხანია ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტად ვაქციეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადავდგით.
წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება. ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“.