თურქეთის ნაკრების მცველს, მერიჰ დემირალს გოლის ულტრანაციონალისტური ჟესტით აღნიშვნის გამო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
თურქეთისა და ავსტრიის მერვედფინალურ დაპირისპირებაში თურქებმა სწორედ დემირალის დუბლით, ანგარიშით 2-1 გაიმარჯვეს, ფეხბურთელმა კი ერთ-ერთი გოლი ე.წ. რუხი მგლების ჟესტით აღნიშნა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, UEFA-მ ფეხბურთელის დასჯის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა, მათ ინფორმაციას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილით უპასუხა, სადაც აღნიშნავენ, რომ UEFA-ს შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და თავდაცვისთვის დრო დღის ბოლომდე აქვთ.
რუხი მგლები თურქული ულტრანაციონალისტური პარტიის MHP-ის ნეოფაშისტური ახალგაზრდული ფრთაა. ავსტრიაში ე.წ. რუხი მგლების მისალმება და ჟესტები 2019 წლიდანაა აკრძალული და აკრძალვაზე აქტიურად მუშაობენ გერმანიაშიც.
თურქეთი ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ივლისს 23:00 საათზე დაიწყება, UEFA-ს საბოლოო გადაწყვეტილება კი დღეს დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
