ძალადობა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება – „თბილისი პრაიდი“ 5 ივლისზე

„ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება”, – აცხადებს “თბილისი პრაიდი” 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციიდან სამი წლის თავზე.
„სამი წელი გავიდა ქვიარ თემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრავმული დღიდან.
2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში” ვერ შედგა. მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას” ოფისები.
ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის.
სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომლის წინააღმდეგაც ბინძური კამპანიის წარმოებით სცადა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ჩამორეცხვა“, — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
„თბილისი პრაიდი“ 2021 წლის მასობრივ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ცალსახად ხელისუფლებას აკისრებს, ისევე, როგორც ყველა სხვა დროს 2021 წლამდე და 2021 წლის შემდეგ.
„ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა.
ეს დადასტურდა 2021 წლის 6 ივლისსაც, როცა საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა თემს რუსთაველის გამზირზე. ეს დასტურდება ყოველთვის, როცა ქართველი ხალხი იბრძვის მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ; ეს დადასტურდება 26 ოქტომბრის არჩევნებზეც!“ — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა