თინა ბოკუჩავა – შეუძლებელია, რაიმე გამამართლებელი მოიძებნოს, იმისთვის, რომ ეუთო-ს დეკლარაციას ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ – ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ, ახსნა არ აქვს

შეუძლებელია, რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს, იმისთვის, რომ ეუთო-ს დეკლარაციას ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ – ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ, ახსნა არ აქვს და ვერც ექნება – პარტნიორებს უმძიმესი რეაქცია ჰქონდათ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრებს “საქართველოს არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან აღარ მიესვლებათ”.
“შეუძლებელია, რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს, თუნდაც მათი მხრიდანაც კი, იმისთვის, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც არის ბუქარესტის დეკლარაცია, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ს მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ, ახსნა არ აქვს და ვერც ექნება. ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ ამ დეკლარაციაში აისახა ღრმა წუხილები იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს. მათ შორის, “რუსული კანონის” მიღების სახით. რეალური მიზეზი გახდა ის, რომ მაკა ბოჭორიშვილმა და ნიკა სამხარაძემ, ივანიშვილის პარტიის წევრებმა, დათმეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები იმისთვის, რომ დაეცვათ ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება და პარტიული ინტერესი. ივანიშვილი და პარტია დააყენეს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე მაღლა.
პარტნიორებს უმძიმესი რეაქცია ჰქონდათ, ბუნებრივია. ზოგადად, უმძიმესია ივანიშვილის პარტიის წევრების მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე. სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, რომ მათ აღარ მიესვლებათ საქართველოს არც ერთ საერთაშორისო პარტნიორთან. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი რუსეთის დავალებებს ასრულებენ და ეს აისახა, მათ შორის, რეზოლუციაშიც”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, “საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის”.
გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.
დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა “ქართული ოცნების” დელეგაციამ.