აკნე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი უჩივის. ასე რომ, თუ თქვენც გაწუხებთ აკნესგან გამოწვეული დისკომფორტი, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ და ეს კონდიცია სამუდამო არ არის.
საბედნიეროდ, დღეს აკნეს მკურნალობის არაერთი საშუალებაა, რომელსაც თქვენც შეგიძლიათ მიმართოთ. ნუ მისცემთ გამონაყარს საშუალებას, თქვენს ყოველდღიურობაზე გავლენა იქონიოს. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, თავისუფლად შესაძლებელია მისგან გათავისუფლდეთ. როგორ? დღეს სწორედ ამ გზებზე ვისაუბრებთ.
სანამ აკნეს მკურნალობის საშუალებებს მიმოვიხილავთ, მოდით, ჯერ კარგად გავიგოთ, რა კონდიციასთან გვაქვს საქმე. რა არის აკნე და საიდან ჩნდება ის? აკნე კანის ქრონიკულად მიმდინარე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. ძირითად შემთხვევაში, ის მოზარდებში გვხვდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვა ასაკშიც. აკნეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. როცა ფორები ცხიმოვანი და მკვდარი უჯრედებით იხშობა, კანზე აქტიურდებიან ბაქტერიები, რაც საბოლოოდ ანთებითი პროცესით სრულდება.
აკნეს სიმპტომები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს. ეს დამოკიდებულია დაავადების სიმწვავესა და გართულებაზე. ანთებითი ფორმა გამოიხატება შავი და თეთრი კომედონებით. ამ პროცესის დროს ჩნდება ე.წ. პულპა (მოვარდისფრო ელემენტი) და პუსტულები (ჩირქოვანი გამონაყარი). შედარებით გართულებული ფორმისთვის დამახასიათებელია ცისტები და გაცილებით დიდი ზომის კვანძები, რამაც შესაძლოა დატოვოს ნაწიბურები / ლაქები.
როგორც წესი, აკნეს სხეულის შემდეგ უბნებზე ვხვდებით:
· სახე
· ზურგი
· მხრები
· გულ-მკერდი
აკნეს გამომწვევი არაერთი მიზეზი შეიძლება იყოს. ზოგ შემთხვევაში, ეს ჰორმონალური ცვლილებებითა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით არის გამოწვეული. ზოგჯერ გენეტიკურ დაავადებასთან გვაქვს საქმე. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პრობლემა არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების მოხმარებამ გამოიწვია. ანთებითი პროცესის მიზეზი არაჰიგიენურობაც შეიძლება გახდეს. სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა გამომწვევ ფაქტორთან გვაქვს საქმე.
როცა საქმე აკნეს მკურნალობას ეხება, როგორც წესი, კომპლექსურ მიდგომას ირჩევენ. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ისე ცხოვრების წესის ცვლილებას, სპეციალური სახის მოვლის საშუალებების გამოყენებას, დიეტას და ა.შ. ხშირად მკურნალობის ხალხურ მეთოდებსაც მიმართავენ. ამ დროს მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ აკნე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გავლენას არ ახდენს ჩვენს განწყობასა და ყოველდღიურობაზე. ხშირია შემთხვევები, როცა გამონაყარი უხასიათობისა და დაბალი თვითშეფასების მიზეზი ხდება. ამიტომ, რაც მალე გათავისუფლდებით ამ დისკომფორტისგან, მით უკეთესი.
აკნეს დიაგნოსტიკისთვის ვიზუალური სურათისა და ანამნეზის გარდა, რიგ შემთხვევებში საჭიროა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც. ამის შემდეგ დერმატოლოგი სპეციალურად თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს ნიშნავს. ეს დამოკიდებულია დიაგნოზსა და სიმწვავეზე. მსუბუქი ფორმის დროს, როგორც წესი, საკმარისია სწორი მოვლა და სათანადოდ შერჩეული ჰიგიენური საშუალებების გამოყენება. საშუალო სიმძიმის შემთხვევაში – გარეგან მოვლასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც ინიშნება. რაც შეეხება მძიმე ფორმებს, ამ შემთხვევაში საჭიროა თერაპია ცხიმოვანი ჯირკვლების შესამცირებლად სპეციფიკური მანიპულაციებითა და მედიკამენტებით.
როგორც ხედავთ, აკნეს შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სიმწვავეს. ამიტომ, დროულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუ ამჩნევთ, რომ გამონაყარი ქრონიკულია და ყოველდღიურობაში გიშლით ხელს, უმჯობესია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.
აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე. მისი გამომწვევი არაერთი მიზეზი შეიძლება იყოს, გენეტიკური ფონით დაწყებული, კანის არასწორად მოვლით დამთავრებული. ამიტომ, დერმატოლოგები გვირჩევენ, მოვერიდოთ კომედოგენური კოსმეტიკის გამოყენებას და სახე ყოველდღიურად ანტიბაქტერიული საპნით დავიბანოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ აკნე იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია. დახმარებისთვის დროულად მიმართეთ ექიმს და გახსოვდეთ, რომ ამ პრობლემის წინაშე მარტო არ ხართ.
