უვადო პატიმრობას სააპელაციოში გაასაჩივრებს 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მსჯავრდადებული ე.წ. ქმარი

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მსჯავრდადებული ე.წ. ქმარი ასიმ სადიკოვი (ასლანოვი), რომელსაც თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2 ივლისს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მსჯავრდადებულის ადვოკატმა ლევან მამუკელაშვილმა.
„გასაჩივრების საკითხი ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილი გვაქვს. უბრალოდ, ველოდებით დასაბუთებული განაჩენის ჩაბარებას. სადიკოვი არ ეთანხმება მოსამართლის განაჩენს. გამოძიების მიმდინარეობისას ის თავს დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში არ მიიჩნევდა“, – თქვა ადვოკატმა.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს თელავის რაიონული სასამართლო 10 თვის განმავლობაში განიხილავდა. მოსამართლის განაჩენს სასამართლო დარბაზში დაესწრო 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა, ისა შახმაროვი.
„მართალია, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ განაჩენი გამიხარდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ საქმეს იძიებდა. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია“, – აღნიშნა შახმაროვმა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობის მიუხედავად.
სადიკოვი მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებდნენ. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 150-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნის დედა და ბიძა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე – მათ შორის დედას 3 წლით, ხოლო ბიძას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვთ აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის ბიძას და ბიძაშვილს. საქმე არსებითად იხილება თელავის რაიონულ სასამართლოში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ