ბოლნისში ჩამოვარდნილი სუ 25-ის საქმეზე გამოძიება დაიწყო „უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის, სუ 25-ის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. როგორც ის აღნიშნავს, წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, „სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“ [მუხლი 401. საფრენი აპარატის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა – სამხედრო საფრენი აპარატის მართვის ან ფრენისათვის მზადების წესის ანდა მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე].
სამინისტროს ცნობით, გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
„თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ