ორბანის შანტაჟთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ, “ოცნების” დეპუტატი ზარქუა გაამხიარულა და ცინიკური პასუხი გასცა – “ბეჟან ბატონო, ჩვენთან დალაგებულია სიტუაცია, კანდიდატის სტატუსს ველოდებით, პენსიები გავზარდეთ, ხელფასები და ეხლა თემა რა აქვთ? ორბანის პოლიტიკაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. ორბანიო, უნგრეთის ჯიგარი, მაგარი კაცი რო არის, თავის პოლიტიკაში არის და მაგაზე რა კომენტარს გააკეთებთო, ოპოზიციური არხები გვეუბნებიან” მიმართა ზარქუამ მისივე თანაპარტიელ ბეჟან წაქაძეს და ისიც დაემოწმა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.
შეგახსენებთ, უნგრეთი ბრიუსელისგან 10 მლრდ ევროზე მეტი თანხის დახმარების პაკეტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დაბლოკვით იმუქრება. ამ პაკეტში კი უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, არის საქართველოც. შესაბამისად, ქართული ოცნების მიერ საიმედო მოკავშირედ გამოცხადებული ორბანი და პუტინის უკანასკნელი მოკავშირე ევროპის კონტინენტზე, ახლა საქართველოს მომავლით ვაჭრობს. ბრიუსელი ნაწილობრივ დათმობაზე წავიდა და უნგრეთისთვის 900 მლნ ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ბუდაპეშტში, გუშინ გამართული შეხვედრა ორბანსა და შარლ მიშელს შორის კი სავარაუდოდ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, რადგან 2 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, არც ერთ მხარეს განცხადებები არ გაუკეთებია.