რუსეთს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს დონალდ ტრამპის მოსაზრებაზე, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. მოსკოვმა არ იცის, თუ რას გულისხმობს ეს იდეა,- განაცხადა დღეს, 2 ივლისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც შეერთებული შტატების უმაღლეს პოსტზე კენჭს ისევ იყრის, გასულ კვირას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამართულ დებატებში, უკრაინაში ომის დასრულებაზე განცხადება გააკეთა. ტრამპმა თქვა, რომ თუ ის მოიგებდა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ომს დაასრულებს მანამ, სანამ იანვარში თანამდებობას დაიკავებდა.
“ეს არ გახლავთ ტრამპის პირველი განცხადება ამ საკითხზე და მან ადრეც გააკეთა განცხადებები ამ კუთხით. თუ არ გვეცოდინება, რა იგულისხმება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
კრემლი ასევე აცხადებს, რომ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, უნდა ასახავდეს ადგილზე შექმნილ რეალობას, სადაც მისი ძალები აკონტროლებენ უკრაინის თითქმის მეხუთედს. თუმცა, მოსკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გახსნილია მოლაპარაკებებისთვის.
კიევი რუსეთის მსგავს განცხადებებზე პასუხად ამბობს, რომ კრემლის მიერ შეთავაზებული პირობები ომის დასრულებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არის უკრაინის დანებების მოთხოვნა.
ტრამპს აქამდე არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აპირებს გამარჯვების შემთხვევაში ომის დასრულებას, მომავალი წლის იანვარში, ოფისის ოფიციალურად დაკავებამდე. გასულ კვირას გამართულ დებატებზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, რუსეთი უკრაინაში არც შეიჭრებოდა, რადგან ის “ნამდვილი პრეზიდენტია”, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს. პასუხად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპს “წარმოდგენა არ აქვს, თუ რაზე საუბრობს”.