ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით მაისში 9.1 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 2024 წლის მაისში 9.1 მილიონი დოლარი გაყიდა – ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
Bmatch სისტემის გარდა სებ-მა სავალუტო ბაზარზე ჩარევა აუქციონების გზითაც მოახდინა, რაც პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად სავალუტო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გაუფასურების შერბილებას ემსახურებოდა. აღნიშნულ პერიოდში (2024 წლის იანვარ-მაისში) სებ-მა სავალუტო აუქციონების გზით 109 მილიონი დოლარი გაყიდა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.