გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში გერმანია-პოლონეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგას გეგმავს, მათ შორის, ნაცისტური დანაშაულების მსხვერპლი დღემდე ცოცხალი პოლონელებისთვის ფინანსური კომპნესაციის გადაცემას. ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.
“მოსალოდნელია, რომ კანცლერი გარკვეული ნაბიჯების შესახებ ისაუბრებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლონეთში ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლები გახდნენ და დღემდე ცოცხლები არიან და მაგალითად, არ აქვთ ადეკვატური ჯანმრთელობის დაზღვევა ან განიცდიან სიღარიბეს ხანდაზმულ ასაკში”. – თქვა გერმანიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, პაულ ჟიემიაკმა.
როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯით შოლცი პოლონეთთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის დადებითი დინამიკა პოლონეთის პრემიერის პოსტზე დონალდ ტუსკის დანიშვნის შემდეგ დაბრუნდა. პოპულისტური პარტია კანონი და სამართალის მმართველობის დროს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუარესებული იყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანია პოლონეთის წინა მთავრობის ფავორიტი სამიზნე იყო. მათი ლიდერები გერმანიისგან კომპენსაციის სახით 1 ტრილიონ ევროზე მეტს ითხოვდნენ, რაზეც გერმანია უარს აცხადებდა. პოლონეთის ამჟამინდელმა მთავრობამ კი ამ მოთხოვნაზე უარი თქვა. თუცმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ გერმანიას პოლონელი ხალხისთვის კომპენსაციის გადაცემის შესახებ “კრეატიული გამოსავლის” მოძებნისკენ მოუწოდა.
გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შოლცი “რამდენიმე ასეული მილიონის” ღირებულების ზომების პაკეტს წარადგენს, მათ შორის, ფინანსურ კომპენსაციას ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი პოლონელებისთვის. ასევე, ფინანსურ დახმარებას პოლონეთის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისთვის. გარდა ამისა, ბერლინში გაიხსნება მემორიალი, რომელიც ოკუპირებულ პოლონეთში ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე იქნება ფოკუსირებული.
ოლაფ შოლცი ზემოხსენებული ინიციატივების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს, ვარშავაში დონალ ტუსკთან ერთად ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.