პალესტინის ისლამურმა ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, ისრაელს რაკეტები დაუშინა. ეს მათი მხრიდან ძალის გამოხატულება იყო იმის ფონზე, რომ ისრაელის ტანკები ღაზაში უფრო ღრმად შედის.
ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულმა ფრთამ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰამასის” მოკავშირემ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა რაკეტები გაისროლეს ისრაელის რამდენიმე დასახლებისკენ, ღაზის გალავნის მახლობლად, “ჩვენი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, სიონისტური მტრის დანაშაულების საპასუხოდ.”
ისრაელის სამხედროების ცნობით, დაახლოებით 20 რაკეტის სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაგრამ, მან აჩვენა, რომ ღაზაში მყოფ სამხედრო დაჯგუფებებს ჯერ კიდევ აქვთ სარაკეტო შესაძლებლობები, ისრაელის მიერ შეტევიდან თითქმის ცხრა თვის შემდეგ.
ღაზის ზოგიერთ რაიონში ადგილობრივი შეიარაღებული პირები განაგრძობენ თავდასხმებს ისრაელის ძალებზე იმ რაიონებში, რომლებიც ისრაელის ჯარმა თვეების წინ დატოვა.
ორშაბათს, ისრაელის ტანკებმა გააღრმავეს შეჭრა შეჯაიას გარეუბანში, აღმოსავლეთ ღაზაში. გარდა ამისა, ისრაელის ტანკები კიდევ უფრო წინ წავიდნენ დასავლეთ და ცენტრალურ რაფაში, სამხრეთ ღაზაში, ეგვიპტის საზღვართან, აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს შეჯაიაში რამდენიმე მებრძოლი მოკლეს და იქ დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს.
“ჰამასმა” კი თქვა, რომ რაფაში მისმა ბოევიკებმა ისრაელის ჯარის ნაწილი ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე დანაღმულ სახლში შეიტყუეს, შემდეგ კი იგი ააფეთქეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელი ღაზის სექტორში “ჰამასთან” ომს, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს, როცა ისრაელზე “ჰამასის” მოულოდნელი თავდასხმისას, 1 200 ისრაელელი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. მათგან ნაწილი პალესტინელ პატიმრებში გაცვალეს, ზოგი დაიღუპა, ათეულობით მძევალი კვლავ “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.
“ჰამასის” მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს ღაზაში 35 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.