საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე შეინიშნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთის არჩევნებს და ფიქრობს, რომ ის, თუ როგორ წარიმართა პირველი ტური, მთელ ევროპაში არსებულ ტენდენციას ასახავს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას და ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, მანამდე გაჩნდა, დასტურდება. დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგების, ფრანგი ამომრჩევლის არჩევანი ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია“, – აღნიშნა პესკოვმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს. მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ – 27,98%-ით, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა.