“გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” ახალ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანიც, პარტიების განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივებაა.
პროექტის სახელწოდებაა “საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” და ითვალისწინებს ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში სადაც ამჟამად ცხოვრობს ბევრი საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არ არსებობს საქართველოს საკონსულო.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, უცხო ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ მინიმუმ 50 ემიგრანტს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო უბნის გახსნა, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. პარტიები ამბობენ, რომ არსებული მონაცემებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია.
“მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა რათა მოხდეს უბნის გახსნისათვის საჭირო პროცედურის დაწყება. ასევე, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც დაეხმარება პროექტის ჯგუფს მათთან კომუნიკაციაში, ან დაგვიკავშირდნენ გირჩი – მეტი თავისუფლების ან დროას ფეისბუქ გვერდებზე”, – წერია განცხადებაში.
პარტიები აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს არჩევნების შედეგების განსაზღვრის თვალსაზრისით.