თავდაცვის მინისტრებმა 2024-ში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი მინისტერიალის მიმდინარეობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრის დროს მხარეებმა 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
“ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა სამმხრივ სწავლებებზეც. გამოითქვა თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული დონის შეხვედრების არსებული დინამიკის შენარჩუნების სურვილი, რაც ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს”. – წერს სამინისტრო.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალს მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს.