პროკურატურა ქალზე ძალადობაში ბრალდებული კახა აბუაშვილისთვის [კაბუ] გირაოს შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
“პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია. კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს. ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაო 10.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს” – წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე:
· “ხელოვანია… დაგეგმილი აქვს არაერთ პროგრამაში მონაწილეობა, ახალი წელი ახლოვდება… პატიმრობა ხელს შეუშლის” | კაბუს ადვოკატი
· ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა