ლევან ნატროშვილის განცხადებით, Liberal International-ის დელეგაციასთან შეხვედრისას არასამთავრობოებმა „იმ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებითაა შექმნილი“

„სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, Liberal International-ის დელეგაციასთან შეხვედრის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ „იმ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებითაა შექმნილი“.
მისივე თქმით, დელეგაციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან აინტერესებდა, „თუ რა ხდება ქვეყანაში არჩევნების წინ და როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში“.
„ეს არის შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია Liberal International-ის მიერ, რომელიც მუშაობს დემოკრატიის საკითხებზე. მათი დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია. ისინი სხვადასხვა ჯგუფებს ხვდებიან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას. შეხვედრაზე მთავარი ინტერესი იმის შესახებ იყო, თუ რა ხდება ქვეყანაში არჩევნების წინ, როგორი მდგომარეობაა, ჩვენ რა გეგმები გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებას და როგორ ვაფასებთ იმ მოვლენებს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება.
ჩვენ ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოსთვის რელევანტურია, ასევე, ვისაუბრეთ იმ რთულ სიტუაციაზე, რაც საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით შექმნილია, ასევე, რაც სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების მიმართულებითაა შექმნილი. აგრეთვე, ე.წ. რუსულ კანონზეც ვისაუბრეთ, მის გავლენაზე, ამასთან, ჩვენს სამომავლო გეგმებზე, რა გავლენა ექნება აღნიშნულ კანონს. წამოვწიეთ ის პრობლემური საკითხები, რასაც ჩვენ აქამდე არაერთხელ ვუსვამდით ხაზს, რომ რეალურად ეს კანონი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას აფერხებს და ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს, მათ საქმიანობაში“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ