„წყალმომარაგების აღსადგენად დაახლოებით 210მ სიგრძის 1400 მმ-იანი დიამეტრის ფოლადის მილი გამოიცვალა“ – გიგა ნადირაძე

,,დღეის მდგომარეობით, დაზიანება სრულად აღმოფხვრილია და ქსელი სრულად არის დატვირთული. შესაბამისად, მომხმარებლების იმ რაოდენობისთვის, რომელსაც შეეხო ეს დაზიანება, ქსელი სრულად არის ჩართული”, – ამის შესახებ გადაცემა „პროფესიონალებში“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა.
მან იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომლის ჩატარებაც კომპანიას წყალმომარაგების აღსადგენად მოუწია.
,,ეს დაზიანება GWP-ის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ტიპის დაზიანება იყო, რადგან ბევრი შემზღუდავი და შემაფერხებელი ფაქტორი არსებობდა.
ერთი კვირის განმავლობაში 10 000-ობით კუბური მეტრი მძიმე გრუნტის დამუშავება იყო საჭირო იმისთვის, რომ დილამდე დავსულიყავით. მას შემდეგ, რაც მილამდე მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ დაზიანება იყო მასშტაბური, რამდენიმე ადგილას და მასშტაბური სამუშაოს ჩატარება გახდა საჭირო მილის გამოსაცვლელადაც.
დაახლოებით 210მ სიგრძის 1400 მმ-იანი დიამეტრის ფოლადის მილის გამოცვლა გახდა საჭირო მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების აღდგენისთვის.
ქსელის განახლების სამუშაოები 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აქ იყო უმძიმესი სამუშაო როგორც გრუნტის დასამუშავებლად, ასევე დაზიანებული მილის აღსადგენად”, – განმარტა გიგა ნადირაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დაზიანების მიზეზი გახდა გეოლოგიურად არასტანდარტული გუნდის მასა, რომელზეც გამვითარდა მეწყერი და მოხდა წყალმომარაგების კომპანიის მილის მექანიკური დაზიანება.
მისი თქმით, GWP-ის მილის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც მან განმარტა, კომპანია მუდმივად უწევს მონიტორინგს მისი ინფრასტრუქტურის რისკებს, თუმცა ეს შემთხვევა იყო ფორსმაჟორი, რისი პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელი იყო, მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ GWP-იმ რისკების მართვის მექანიზმს გადახედოს.