· 46
მომღერალ ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა. წყვილმა ბავშვს ბაბუის, ყველასათვის საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელი დაარქვა. „გიო ხუციშვილი-უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს, ვაშა!“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ზუკა ხუციშვილი
„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, ის მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა. ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით. გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს…“ – ამბობდა ზუკა.
ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა… მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.
ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილი კი მცხეთაში, ვარსკვლავების საყვარელ ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.
„6 წელს ითვლის ჩვენი ოჯახური ცხოვრება და არაჩვეულებრივად ვართ. გამიმართლა ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია. ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ. რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“ – ამბობდა ზუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.