ისრაელის უზენაესი სასამართლოს გარდამტეხი გადაწყვეტილებით, ისრაელის ჯარში სავალდებულო გაწვევა ულტრაორთოდოქს მამაკაცებზეც უნდა გავრცელდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ისრაელში დასრულდება მრავალწლოვანი სისტემა, რომელიც ულტრაორთოდოქს მამაკაცებს ჯარში მსახურობასთან მიმართებით რიგ შეღავათებს გულისხმობდა მაშინ, როცა ქვეყნის სეკულარულ ებრაულ მოსახლეობაზე სავალდებულო გაწვევა მოქმედებდა.
სასამართლოს თქმით, სახელმწიფო კანონს “იურიდიული ძალის არმქონე შერჩევითობით აღასრულებდა, რომელიც კანონის უზენაესობისა და იმ პრინციპის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც ყველა ინდივიდი კანონის წინაშე თანასწორია”.
ისრაელის სასამართლომ ის კანონი, რომელიც ულტრაორთოდოქს მამაკაცებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებდა, 2017 წელს გააუქმა, თუმცა სასამართლოს თარიღების გადავადებებისა და მთავრობის მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობების გამო საკითხის საბოლოოდ გადაჭრა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.
უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თუკი არ არსებობს კანონი, რომელიც საპირისპიროს ამბობს, მაშინ ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახური ნებისმიერ ულტრაორთოდოქსზე ისევე ვრცელდება, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურად ძლიერი ულტრაორთოდოქსი პარტიები, რომლებიც ნეთანიაჰუს კოალიციაში მთავარი პარტნიორები არიან, ძველ სისტემაში ნებისმიერი ცვლილების მოწინააღმდეგენი არიან. მაშასადამე, თუკი გაწვევა ულტრაორთოდოქსებზეც გავრცელდება, ამან შესაძლოა, ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვიოს.
მოგვიანებით, ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიამ სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის პრობლემას ისრაელის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოაგვარებს, რომელსაც ნეთანიაჰუს მხარდაჭერაც აქვს.