ომბუდსმენის ანგარიში: სასამართლომ უნდა შეაფასოს პარლამენტში მედიის შეზღუდვის აუცილებლობის საკითხი

პარლამენტში 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ.
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა პლენარულს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ 2023 წელს მიღებული ბრძანების შესახებ, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ომბუდსმენმა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
„წესი ითვალისწინებს აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებას, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“, – თქვა იოსელიანმა.
ომბუდსმენის ანგარიშში კი ვკითხულობთ, რომ ამ წესით დადგენილი ნორმები „ტელეკომპანია პირველმა“ სასამართლოში გაასაჩივრა და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ვალდებულება, შეწყვიტოს ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასევე, იოსელიანმა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს „სადავო მზღუდავი ღონისძიებების პროპორციულობის საკითხიც“.
შეფასებების გასაკეთებლად კი, ომბუდსმენის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილი ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება.
„ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის წევრები, არ სტუმრობენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკასაც არ ეთანხმებიან. ამდენად, ჟურნალისტებს მათთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე შეუძლიათ.
ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩუნება კრიტიკულად აუცილებელია, რათა შეასრულონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, რაც მედიის ფუნქციაა“, – წერია ანგარიშში.
ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით, ოთხ ჟურნალისტს შეუჩერეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა. ყველა პოლიტიკოსი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალისტები არ წყვეტენ ვიდეოგადაღებასა და მათთვის კითხვების დასმას.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ