ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლს ბრიგადის გენერალი, ანდრეი გნატოვი შეცვლის. მას საკადრო ცვლილების გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.
სოდოლის გათავისუფლებას წინ უძღოდა ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის შტაბის უფროსის, ბოგდან კროტევიჩის განცხადება, რომელმაც სოდოლი მნიშვნელოვან სამხედრო წარუმატებლობასა და პერსონალის დიდი დანაკარგის გამოწვევაში დაადანაშაულა.
„მან უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა, ვიდრე რომელიმე რუსმა გენერალმა“, – დაწერა კროტევიჩმა „ტელეგრამ“ არხზე, თუმცა იური სოდოლის სახელი არ დაუკონკრეტებია.
„ყველა სამხედროს ესმის, ვისზე ვსაუბრობ, რადგან სამხედროების 99%-ს სძულს ის, რასაც აკეთებს“, – აღნიშნა კროტევიჩმა და დასძინა, რომ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა.
მოგვიანებით, უკრაინულმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურზე, იური სოდოლზე.
სოდოლის გათავისუფლების გამოცხადების შემდეგ, კროტევიჩმა დაწერა: ”გნატოვი ძალიან კარგი ოფიცერია. იმედი მაქვს, ფრონტზე სიახლეები უკეთესი იქნება. ”
სოდოლი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურად თებერვალში დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ